უნდა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი აზრის გამოხატვის გამო დევნას - ლევან იოსელიანი მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაზე
საქართველოს სახალხო დამცველი მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ეხმაურება. ომბუდსმენი თვლის, რომ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა გადაეცეს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი აზრის გამოხატვის გამო დევნას.
"საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა". - წერია განცხადებაში.