სრულად შესრულებულია ერთი პირობა - როგორ მიდის საქართველო EU-ს 12 პირობის შესრულებისკენ
როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ - 8 ორგანიზაცია თანხმდება, რომ 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა.
შესრულდა - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება; მეტწილად შესრულდა - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა; ნაწილობრივ შესრულდა - საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი; შესასრულებელია - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია.
"5 პრიორიტეტი რჩება, რომ ნაწილობრივად არის შესრულებული და 4 არის შესასრულებელი, ეს არის დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მედიის თავისუფლება და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, ერთადერთი რა დაპირებაც გაისმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ის, რომ კანონის მიღება გადავადდა დეკემბრის თვისთვის ევროკომისიის შეფასებით, ეს არის სწორად გადადგმული ნაბიჯი სწორი მიმართულებით" - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.
მათივე შეფასებით, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტში ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი არ არის ასახული, რადგან 15 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის ამ გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
"ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი რჩებოდა ძალიან დიდ და მნიშვნელოვან გამოწვევად მედიის თავისუფლების კითხვით, შეიძლება დოკუმენტშიო ვერ მოესწრო მისი ასახვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი გათავისუფლება რა თქმა უნდა არის ამ გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი. სრულად ყველა პუნქტი შესრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, გარკვეული საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. მართლმსაჯულების ნაწილში კიდევ რჩება სისტემური საკითხები, რომლებიც საერთო ჯამში უნდა მოემსახუროს ამ სისტემური პრობლემების მოგვარებას" - აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.
დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: "ღია საზოგადოების ფონდი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "სასამართლოს გუშაგი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "საფარი".
განცხადების ავტორების თქმით, დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს.
"სამწუხარო რეალობა გვაქვს, ამას როგორც ჩანს დიდად არაფერი არ ეშველება, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ არის პატარა ნიშნები ამ ბოლო ვიზიტების შემდეგ, პატარა ნიშნები იმისი, რომ ხელისუფლებას გაუჩნდა განცდა, რომ თუ ახლა რაღაცას მაინც არ გააკეთებს, თუნდაც მცირედით, თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იქნება. დღეს სალომე ზურაბიშვილი აჩვენებს და ნიკა გვარამია შეწყალება იყო პირველი დიდი ნაბიჯი ამ გზაზე, რომ მან ის ყველაფერი რაზეც ბოლო ერთი წელია საუბრობს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, რეალურ გადაწყვეტილებებში ასახა" - თქვა თინა ხიდაშელმა პრეზენტაციის შემდეგ.