სააკაშვილი, გვარამია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ იყვნენ, დღეს ქვეყანაში რუსული ტანკები იდგებოდა - კობახიძე
ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის განცხადება კავკასიურ გაერთიანებაზე ცარიელი პროვოკაცია იყო.
"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ კარგია, მიხეილ სააკაშვილი, გვარამია, ხაბეიშვილი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არ არიან ხელისუფლებაში, რადგან წინააღმდეგ შემთვევაში ქვეყანაში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა.
„როდესაც საუბარია კავკასიურ გაერთიანებაზე, მათ შორის, ის გულისხმობს იმ რეგიონებს, რომელიც დღეს არიან რუსეთის ფედერაციული სუბიექტები. საუბარია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულზე. ეს არის მორიგი პროვოკაციული განცხადება სააკაშვილის მხრიდან. ეს არის მორიგი „პრიგოჟინისტული“ განცხადება, რაც სააკაშვილმა გააკეთა. კიდევ კარგი ეს ადამიანები, მიხეილ სააკაშვილი, გვარამია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბეიშვილი და ასე შემდეგ არ არიან ხელისუფლებაში. ქვეყანაში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. გარანტირებულად გეუბნებით, მათ რომ მოეხერხებინათ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, 2021 წელს 43% რომ არ გადაგველახა და ასე შემდეგ, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენა მათმა „პრიგოჟინისტულმა“ დამოკიდებულებამ იმ დღეს, როდესაც ეს პროცესები ვითარდებოდა რუსეთის ფედერაციაში. კიდევ კარგი ისინი ხელისუფლებაში არ არიან“,- აღნიშნა კობახიძემ.