მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქის სახელით თავდასხმა ორმაგი დანაშაულია
ანგარიშსწორება პატრიარქის სახელით - ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი "პირველებთან" ამბობს, რომ ილია მეორე ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. სასულიერო პირი ამბობს, რომ ორმაგ დანაშაულს ჩადის ის ვინც უწმინდესის სახელს იყენებს:
ეს არის ორმაგი დანაშაული (თავდასხმა პატრიარქის სახელით). ერთი არის, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ადამიანთან ეს არის დანაშაული, ეს არის ძალადობა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა თანდათანობით უნდა გახდეს სამართლებრივი ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დანაშაული უნდა დაისაჯოს კანონის მიხედვით და ცემა და პირადი ანგარიშსწორება, ეს არ არის დასჯის სწორი ფორმა. შეიძლება ვიღაცამ რაღაც დააშავოს და შეიძლება დასასჯელი იყოს, ოღონდ ეს არ უნდა გააკეთოს მოქალაქემ და არავითარ შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორება არ არის სწორი და როცა ეს კიდევ ვინმეს სახელით ხდება და მითუმეტეს პატრიარქის, ეს არის ორმაგი დანაშაული. ადამიანის პირადი სივრცე უნდა იყოს დაცული და სახელმწიფომ, უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება რა თქმა უნდა" - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი Facebook-ზე წერს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.
"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ". – წერს გუგეშაშვილი.