რა გააკეთა მთავრობამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის - ოპოზიცია პრემიერს მძიმე პარასკევს უანონსებს
რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, როგორ გადაიქცა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მოკავშირედ და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საქართველოში ჩამოსული სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ვიზიტის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ელოდებიან. პრემიერ მინისტრს მოუწევს დეტალურად ახსნას, რატომ არსებობს ეჭვები, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ოპოზიცია სრული შემადგენლობით და კრიტიკული კითხვებით პრემიერს პარლამენტში დაელოდება, მაგრამ აქვს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილი ჩვეულ მეთოდს მიმართავს და პასუხების გაცემის ნაცვლად, ოპოზიციის ლანძღვას დაიწყებს.
"ამ ანგარიშის აბსოლუტურად დიდი უმრავლესობა არის ე.წ. ორნიშნა ეკონომიკური ზრდით "ტრიპაჩობა". მას აქვს ასეთიო პრაქტიკა, რომ იმ ტექსტსაც არ საუბრობს, რაც ანგარიშში უწერია, მოდის და ძირითადად 11 წლის შემდეგ ისევ აკრიტიკებს 11 წლის წინანდელ ხელისუფლებას, რომელზედაც აბსოლუტურად ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ქვეყანა რეალურად განვითარებისკენ წარემართა. ჩვენ ძირითადად რა თქმა უნდა იქნება კითხვები საგარეო პოლიტიკაზე, იქნება კითხვები ადამიანის უფლებების მიმართულებით, ძალადობის კუთხით" - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძის თქმით, კი პრემიერი პარლამენტში ვიზიტს დროს შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ სიძულვილის ენით ისაუბროს. "ლელოში" ამბობენ, რომ მოლოდინი არ აქვთ, რომ პრემიერი კონკრეტულ კრიტიკულ კითხვებს პასუხს გასცემს.
"პრემიერ მინისტრის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება მისთვის, რომ ილაპარაკოს უკიდურესი სიძულვილის ენით, ილაპარაკოს უკიდურესი სისულელეები რაც მაშ სჩვევია და როგორც ერთი ჩემი კოლეგა ეძახის მას აღზევებული ბრიყვი დადგება საქართველოს პარლამენტში და მოგვასმენინებს ბევრ იდიოტობას, ეს იქნება მოცემულობა სამწუხაროდ მისგან, კონკრეტულ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხებს არ ველით" - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ოპოზიციისგან გასხვავებით "ოცნებაში" ამბობენ, რომ რაც ანგარიშშია წარმოდგენილი სწორედ ის გამოწვევებია საქართველოში. რადიკალურ ოპოზიცასთან დაკავშირებით კი ამბობე, რომ კონსტრუქციული საქმიანობის მოლოდინი არ აქვთ.
"მთავრობის ანგარიშში ასახული არის, როგორც ის გამოწვევები რაც გვაქვს ქვეყანაში დღეს, ასევე ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც ეს პროგრესი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ამიტომ წასაკითხადაც რომ ვთქვათ ეს ანგარიში არის ძალიან საინტერესო. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიცია ცხადია ჩვენ მათგან კონსტრუქციული საქმიანობის მოლოდინი არ გვაქვს" - რატი იონათამიშვილი.