გვჭირდება შერიგება, ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები - პაპუაშვილი ზელენსკის პასუხობს
"უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინისი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკას ემხრობა.
უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ თუ გულისხმობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საქართველოსი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოლიტიკა. არანაირი გეგმა ბ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს. ოპოზიციაში რომ არიან ძალები, რომ რაღაც ისეთი აზრები უთამაშებთ თავში, დავინახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთში იყო გარკვეული არეულობა და როგორ წავიდა უკვე იმაზე საუბარი, რომ შემთხვევით ხომ არ გაგვეხედა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც დღესდღეობით ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არაა. საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად, იმ ხალხთან ერთად, ვინც ცხოვრობს ამ ტერიტორიებზე. ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები"- თქვა პაპუაშვილმა.
28 ივნისს ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ომში გამარჯვებით არაერთი ქვეყანა მიიღებს სარგებელს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები.