სარკინიგზო მიმოსვლა არ განიხილება, ეს არის ისეთივე კონსპირაცია, როგორიც სააკაშვილის წამების საკითხი იყო - პაპუაშვილი
მარია ზახაროვას განცხადების შემდეგ ცნობილია ოცნების პოზიცია. საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა არ განიხილება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის ისეთივე კონსპირაცია, როგორიც სააკაშვილის წამების საკითხი იყო.
პაპუაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ რკინიგზის აღდგენაზე არც შეთავაზება ყოფილა რუსეთის მხრიდან და არც რაიმე სახის კომუნიკაცია.
„არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ეს არის მოცემულობა. ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია, როგორი კონსპირაციაც და ტყუილიც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, როგორი კონსპირაციაც და ტყუილი იყო სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაცია ესეც. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
ასეთ თემებზე საუბარი თავის კითხვაშივე გულისხმობს, თითქოს არის გარკვეული მოლაპარაკება, შემოთავაზება, უარი, თანხმობა, კონტაქტიც და მოლაპარაკებაც კი არ არის ამ საკითხზე. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს, ერთადერთი ფორმატი რაც არსებობს არის ჯენევის მოლაპარაკებები, სადაც რუსეთი არის მხარედ წარმოდგენილი და არა ოკუპირებული ტერიტორიები და ამ კონტექსტში არის განხილული ყველანაირი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. არც არაფერი შემოუთავაზებიათ, არც ყოფილა ამაზე საუბარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.