გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის - დეგნანი

29.06.23 19:50
გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის - დეგნანი

"ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო," - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის ელჩმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს.

ამერიკის ელჩი ქართველ ხალხს შეახსენებს, რომ დამოუკიდებლობას დაცვა სჭირდება და რომ მთავარი აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა რუსეთია.

ელჩი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატია "სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით". 

ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატია არ უნდა ჩავთვალოთ თავისთავად მოცემულობად. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. ამერიკელებმა და ქართველებმა ეს იციან , იმიტომ რომ ამ ორივე ერმა იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებების დასაცავად-ისევე როგორც, დღეს მამაცად იბრძვიან უკრაინელები აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო.

ისტორია, ასევე, ცხადყოფს, რომ დემოკრატია თანდათანობით სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას ავტოკრატიული ძალების სასარგებლოდ   არ მოაქვს გრძელვადიანი სტაბილურობა; მას მოაქვს ჩაგვრა, არასტაბილურობა და უსამართლობა...

მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ  გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ  ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ აასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით  კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და  დამოუკიდებლობის დასაცავად.

ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული  ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა , როგორც აყვავებული , უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის  ქვეყნისა.

ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა  თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს.

ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ-ამერიკელები და ქართველები-მშვიდობისა და თავისუფლების სახელით, - მიმართა ამერიკის ელჩმა.

მსგავსი სიახლეები