სწორი ნაბიჯია, ამ მაგალითზე ხელისუფლებამ ჭკუა უნდა ისწავლოს - სამადაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებზე
სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯს უწოდებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილიუკრაინის მიერ ქართული კომპანია Georgian Airways-ის დასანქცირებას
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის მაგალითზე ხელისუფლებამ „ჭკუა უნდა ისწავლოს“.
„ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს უკრაინისთვის და უკრაინასთან ერთად მისი მოკავშირეებისთვის, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა. როდესაც ესა თუ ის ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აწარმოოს, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივი შედეგია, რომ უკრაინა სანქციების რეჟიმს იღებს. ეს არის სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი. ამ მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს ჭკუა და უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ხელს უწყობს ყველას, ვისაც სურს უკრაინის საწინააღმდეგოდ სანქციების რეჟიმის დარღვევა რუსეთთან მიმართებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 წლიანი სანქციები დააწესა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის წინააღმდეგ, რომელმაც განაახლა პირდაპირი ფრენები რუსეთში.
პერსონალური სანქცია დაწესდა თამაზ გაიაშვილის მიმართაც.