ეს საკითხი დასრულებულია და აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი პროცედურები წავა ისე, როგორც მიდიოდა აქამდე - მაჭარაშვილი გაყალბებულ კენჭისყრაზე
საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კენჭისყრა არ გაყალბებულა. დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ოპონენტებს მტკიცებულებების წარდგენას ურჩევს.
არადა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით რომ პროცედურული დარღვევებია, ამაზე "გირჩის" ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი რამდენიმე დღეა, საუბრობს. დეპუტატის ინფორმაციით, ვეტოს დაძლევას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო "ევროპული სოციალისტებიდან" და 9 "ხალხის ძალიდან". შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხარეს ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად "ოცნების" მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.
დეპუტატების საკმარისი რაოდენობა რომ არ იყო სხდომათა დარბაზში, ამას "შაბათის ეთერთან" ადასტურებს "ქართული ოცნების" დეპუტატი კახი კახიშვილიც. ამ მტკიცებულებების მიუხედავად, გურამ მაჭარაშვილი თვლის, რომ პარლამენტში კენჭისყრის შედეგები გადასახედი არ არის.
პარლამენტის თავმჯდომარეს რაც შეეხება, მან თქვა, რომ მისი მონაცემებით იყო პარლამენტის 76 წევრი და ნუ ახლა დანარჩენ დეტალებს, თუ ვინმეს საწინააღმდეგო მტკიცებულებები გააჩნია, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ეს უნდა თქვას და ამაზე პასუხი გაეცემა. ეს საკითხი დასრულებულია და აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი პროცედურები წავა ისე, როგორც მიდიოდა აქამდე და თქვენც გააგრძელეთ მშვიდად ცხოვრება, ჟურნალისტური საქმიანობა,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.