გზების გაფართოება კარასინი-აბაშიძის საუბრით დაანონსდა - დავითაია
გზების გაფართოება კარასინი-აბაშიძის საუბრით დაანონსდა, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია "პირველებთან" საუბრობს. საქმე ეხება თბილისი-ნატახტარის გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი აშენებას. დავითაიას თქმით, რუსული მხარე ამ გზის გაფართოებას დიდი ხანია გეგმავდა და ამის შესახებ გავრცელდა კარასინი-აბაშიძის სკანდალური აუდიოჩანაწერიც. ჩანაწერში, კარასინი აბაშიძეს ეუბნებოდა, რომ რუსეთს ახალი ინიციატივა აქვს, რომელიც საქართველოსთან დამაკავშირებელ ახალი დერეფნის გაჭრას გულისხმობს.
დავითაია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ მაგისტრალის მშენებლობის დროს ყურადღება გაამახვილოს არა ეკონომიკურ, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე.
გავიხსენოთ კარასინი-აბაშიძის საუბარი, სადაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო გზების გაფართოება და რუსული მხარე ამას ყველაფერს აკეთებს. ეს იმ ჩანაწერით დაანონსებული იყო და მიდის ამის განხორციელება. ფართო გზის შემუშავება არ ნიშნავს მარტო იმას, რომ ეკონომიკა იზრდება. ფართო გზა ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა არ ქნას, საბრძოლო მოქმედებების დროს ძალიან დიდი ტექნიკა შეიძლება ძალიან სწრაფად შემოვიდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არა მარტო იმ გზით, არამედ სხვა მიმართულებითაც. ამიტომ არის უსაფრთხოების საკითხი პირველი და მეორე ეკონომიკის საკითხი,“ - ამბობს პაატა დავითაია.