ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით, მაშველებს როგორ უჭირდათ - პაპუაშვილი კობახიძეს იცავს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის დაცვას თანაგუნდელები აგრძელებენ - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელი განცხადების ახსნას ცდილობს.
შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ კობახიძის განცხადებაზე სპეკულაცია ხდება და რეალურად, პარტიის თავმჯდომარეს სტიქიას გადარჩენილების ქმედებებში ეჭვი არ შეუტანია. თუმცა, ამავდროულად, პაპუაშვილი ამბობს, რომ საკმაოდ რთული იყო მეწყრულ ზონაში გადაადგილება და ამის დასტურად მოჰყავს ის, რომ თავად მაშველებს უძნელდებოდათ მეწყერში გადაადგილება.
ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ბოლო 12 დღე ვაკვირდებით, რომ სურვილი რაღაცნაირად კიდევ გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომ შემოიტანონ რაღაცნაირი ატმოსფერო უთანხმოების. არ უგულისხმია ირაკლი კობახიძეს ის, რომ ვიღაცას ფიზიკურად შეეძლო თუ არა. იქ სტიქია რა სახის იყო, კობახიძემაც ნახა თავისი თვალით, ნახეთ, რა მასშტაბის იყო, იქ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით, ჩვენ მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება, მოქალაქეებს, ვინც გადარჩა, რა თქმა უნდა, არავის თავგანწირვაში ეჭვი არავის ეპარება, პირიქით, 210 მამაცი მოქალაქე გვყავს ჩვენ, რომელიც ამ სტიქიას გადაურჩა,“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
გუშინ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ არ ესმის სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მისვლას. მისი ეს განცხადება სტიქიას გადარჩენილებმა შეურაცხყოფად აღიქვეს.