სადაო მშენებლობა დიდ დიღომში - "ოცნების" შემომწირველის პროექტი მერიამ საკრებულოდან უკან გაიწვია
დიდი დიღომი ურბანული კატასტროფის წინაშე - თბილისის მერიამ ცათამბჯენის ასაშენებლად განკუთვნილი პროექტი უკან გაიწვია. კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს ოფიციალურად დღეს მიმართა.
წერილში კახა კალაძე წერს, რომ "გთხოვთ არ განიხილოთ აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტტის საკრებულოს სხდომაზე და გადმოგვიგზავნოთ, შემდგომში ადმინისტრაციული წარმოების განმეორებით განხორციელების მიზნით".
როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ნინო წულაძე ამბობს, მერიამ განაშენიანების რეგულირების გეგმა გაიწვია, თუმცა გეგმარებითი დავალება კენჭისყრაზე მაინც დადგება. შესაბამისად, "ოცნების" შემომწირველისთვის კობა კვეტენაძისთვის მშენებლობაზე ოფიციალური თანხმობის მიღების თარიღმა გადაიწია.
მანამდე კი, საკრებულოს დაჩქარებული წესით დანიშნულ სხდომაზე "ქართული ოცნება" მისი შემომწირველი ბიზნესმენისთვის ცათამბჯენის აშენების უფლების დაკანონებას გეგმავდა.
პროექტის თანახმად, 150 000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე ახალი ქალაქის გააშენება იგეგმება, ამ პროექტს კი სათავეში კობა კვეტენაძე უდგას, რომელიც "ოცნების" შემწირველი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. კვეტენაძე დიღომში მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას აპირებს, რასაც მწვანე საფარიც შეეწირება და სამანქანო გზებიც მნიშვნელოვნად დავიწროვდება.
კობა კვეტენაძის პროექტი არ არის ერთადერთი, რაზეც ოპოზიცია დაობს. თბილისის საკრებულოში 25 აგვისტოს კიდევ რამდენიმე მშენებლობის პროექტს დაამტკიცებენ, რაც ოპოზიციის შეფასებით, ურბანული გენოციდის ტოლფასია. მათ შორის, არის საბურთალოზე, სადაც ალექსიძის 15 ნომერში "ოცნების" მილიონერი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ზონის ცვლილებას ითხოვს. განსახილველ საკითხებს შორის არის დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონებაც.