შეთანხმება არ არის მივდივარ და ახლა თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთო - ქადაგიშვილი

31.08.23 14:36
შეთანხმება არ არის მივდივარ და ახლა თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთო - ქადაგიშვილი

"შეთანხმება ის კი არ არის, მივდივარ და ახლა თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთო, შეთანხმება ის არის, რაც ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში ხდება," - ეს განცახდება "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

დეპუტატი პრეზიდენტს გერმანიაში წასვლის გამო აკრიტიკებს. მმართველი პარტიისთვის სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნე მიუღებელია და ამბობენ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. 

აცდენა იმ ნარატივის გაგრძელებაშია, რასაც დიდი ხანია ამკვიდრებენ, რომ თუ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს არაფერ შუაში იქნება მთავრობა, იქნება მხოლოდ ხალხის და ოპოზიციის დამსახურება. სალომე ზურაბიშვილი უნდა დაუბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოებს, ის არის ქვეყნის კონსტიტუციის გარანტი და პირველი არღვევს მას! შეთანხმება ის კი არ არის, მივდივარ და ახლა თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთო, შეთანხმება ის არის, რაც ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში ხდება, როცა მთავრობა განსაზღვრავს მთლიანად საგარეო პოლიტიკას, პრეზიდენტის ჩართულობა არის განპირობებული მთავრობის სურვილიდან გამომდინარე და თუ პრეზიდენტს გააჩნია გარკვეული შემოთავაზება, წინასწარ ხდება ამ საკითხის გავლა მთავრობასთან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში მთავრობა ადანაშაულებს - მის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, შემდეგ კი სარჩელი უკან გამოიწვია.

სალომე ზურაბიშვილისა და მთავრობის საგარეო კურსი ერთმანეთს რომ არ ემთხვევა, ეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძვნილ ღონისძიებაზეც დადასტურდა, როდესაც ტრიბუნიდან პრეზიდენტმა ხელისუფლება ანტიდასავლური განცხადებების გამო გააკრიტიკა. ამ განცხადებას კი, მისი სიტყვის პარალელურად, შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა, მათ შორის, პრეზიდენტს მოღალატე უწოდეს.