სურს თუ არა დავით სერგეენკოს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ყოფნა - თალაკვაძის პასუხი

05.09.23 19:05
სურს თუ არა დავით სერგეენკოს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ყოფნა - თალაკვაძის პასუხი

სურს თუ არა დავით სერგეენკოს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ყოფნა და რატომ არ დაუჭირა მხარი "ქართულმა ოცნებამ" თანაგუნდელისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი - არჩილ თალაკვაძის თქმით, სერგეენკოსთან კონსულტაციები გრძელდება.

დარჩება თუ არა სერგეენკო "ოცნების" რიგებში, არჩილ თალაკვაძე კონსულტაციების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დავით სერგეენკოსთან შეხვედრა ჰქონდათ გუნდის წევრებს და მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. 

კონსულტაციები, რომელიც ჩვენს შორის გაიმართა, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ჩვენი შიდა პარტიული საქმეა, - ამბობს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი კანონის შესაბამისად დადგა დღის წესრიგში, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და თანაგუნდელს პარლამენტში ადგილი შეუნარჩუნა.

ზუსტად კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, მაგრამ ასევე კანონი ამბობს, რომ პარლამენტს შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაჩნდა სწორად. თუ გაიხსენებთ, თავიდანვე გეუბნებოდით, რომ ბატონ სერგეენკოსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს მასთან კონსულტაციით, მისი აზრის გათვალისწინებით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება ზუსტად ჩვენს წინა განცხადებებს ეფუძნება, ეს არის თანმიმდევრული და ვფიქრობ, ჩვენი თანაგუნდელის მიმართ გამოხატავს პატივისცემას.

რაც შეეხება ოპოზიციას, სხვადასხვა რეაქცია ჰქონდათ მათ სახეზე, ალბათ, რაღაც ახალ სცენარებსაც მოიგონებენ, გარკვეული შიშებიც შეიძლება გაუჩნდეთ, მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ყველაფერი არის უბრალო და იმ ფარგლებში, რაც შეეფერება ბატონი დავით სერგეენკოს გუნდთან ურთიერთობებს და იმ სამუშაო გამოცდილებებს, რაც აკავშირებს „ოცნებასთან,“ - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტმა "ქართული ოცნების" დეპუტატს დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 2-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 12 მისცა ხმა.