ღარიბაშვილი, კალაძე, კობახიძე - შოვის ტრაგედიაზე ოპოზიცია მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
ტრაგედია შოვში და პასუხგაუცემელი კითხვები - ოპოზიცია იმ თანამდებობის პირებს ასახელებს, ვინც შოვის ტრაგედიის საქმეზე პასუხისგებაში უნდა მიეცეს. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ირაკლი კობახიძით და კახა კალაძით.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, სწორედ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ახლო ნათესავია საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც უკანონო მშენებლობებზე ნებართვებს გასცემს. შაბათის ეთერის გამოძიების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა.
"ენმ"-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის თქმით, შოვის ტრაგედიის მთავარი დამნაშავე ირაკლი ღარიბაშვილია, რომელმაც თანამდებობრივი გულგრილობა გამოიჩინა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ სწორედ ღარიბაშვილზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. "ენმ"-ს თავმჯდომარის თქმით, ახალი მიგნებებია აღმოჩენილი კობახიძე-კალაძის მიმართ, რომელიც მათ კორუფციულ ინტერესებს უკავშირდება.
მთავარი დამნაშავე სისხლის სამართლის, ვინც მთავარი თანამდებობრივი გულგრილობა გამოიჩინა არის ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად, შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ამ ადამიანზე უნდა აღძრულიყო და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მეორე მთავარი დამნაშავე ბატონი გომელაური. მნიშვნელოვანია, ასევე კონკრეტული ახალი მიგნებები, რომელიც უკავშირდება კობახიძე-კალაძის კორუფციულ ინტერესებს, რაჭაში კორუფციულ ინტერესებს, შოვში და საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პარალელურად არის ახლო ნათესაურ კავშირში კობახიძესთან, რომელიც ასევე გასცემდა კონკრეტულ ნებართვებს, ან თვალს ხუჭავდა კონკრეტულ უკანონონ მშენებლობებზე", - ამბობს "ენმ"-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძის თქმით, კანონში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ყველა მუხლი არის დარღვეული. ვაშაძე ამბობს, რომ მთავარი დამნაშავეები კალაძე და კობახიძე არიან.
ხელში მიჭირავს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, ეს არის კანონი, რომელიც ყველა უწყებას აძლევს კონკრეტულ ვალდებულებას, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს სტიქიამდე, რა სამუშაოები უნდა იყოს ჩატარებული სტიქიის დროს. ამ კანონის ყველა მუხლი არის დარღვეული. დამნაშავეა კალაძე კობახიძის კლანი, რომელმაც ხელი მოითბო შოვზე და უნდოდათ პირადი იმისთანებისთვის გამოეყენებინათ შოვი და ფაქტობრივად ეს სტიქიური ზონა 2018 წლის გეგმარებაში ამოაგდეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც იქ იყო", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
"ენმ"-ს წევრი თინა ბოკუჩავას თქმით კი, გამოძიებას აგრძელებენ და მათ ჰყავთ კონკრეტული საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც შოვში მუშაობს. ბოკუჩავას თქმით, ისინი შოვში ჩავლენ და დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.
ვაგრძელეთ გამოძიებას, გვყავს კონკრეტული საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც იყო და არის შოვში. ჩვენც ჩავალთ შოვში იმისთვის, რომ შევხდეთ ადამიანებს და მოვიპოვოთ დამატებით ინფორმაცია და არა დაცვით, ფოტოგრაფებით", - ამბობს "ენმ"-ს წევრი თინა ბოკუჩავა.