ღარიბაშვილის ჩარტერული რეისი - "ლელოს" კითხვები სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს

12.09.23 15:51
ღარიბაშვილის ჩარტერული რეისი - "ლელოს" კითხვები სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს

ღარიბაშვილის სკანდალური ჩარტერული რეისი - "ლელოს" სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართავს და კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს.

პარტიამ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს 5 კითხვით მიმართა და დეტალურად მოითხოვა პრემიერის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის გასაჯაროება.

"ლელოს" მიმართვის საფუძველი "ტვ პირველზე" ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული სიუჟეტი გახდა, სადაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აჩვენეს, რომ პრემიერმა სამთავრობო ბორტით ისარგებლა. სწორედ ამიტომ "ლელო" ითხოვს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსგან სადეპუტატო კითხვებზე პასუხის გაცემას და მტკიცებულებების სახით დოკუმენტების თან დართვას.

,,საქართველოს კონსტიტუციის“ 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 148-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ პარლამენტის წევრის კითხვით, რომელზეც, რეგლამენტის მიხედვით, დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.
   

მოგეხსენებათ, რომ ტელეკომპანია ,,პირველი“-ს ეთერში გასაჯაროვდა ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ, 19 აგვისტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. სიუჟეტის ავტორების თქმით, პრემიერ მინისტრი ოჯახის წევრებთან ერთად სამთავრობო ბორტით გაემგზავრა მიუნხენში, შემდეგ კი აშშ-ში სხვა რეგულარული რეისით. სიუჟეტში მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავი, რეისის განხორციელების შემდეგ, საქართველოში არ დაბრუნებულა და ერთი კვირის განმავლობაში იცდიდა მიუნხენის აეროპორტში იმ მიზნით, რომ პრემიერ მინისტრის ოჯახი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა. რაც შეეხება სამთავრობო ბორტის ეკიპაჟის წევრებს, მოხდა მათი მიუნხენში ორჯერ ჩაყვანა და საქართველოში დაბრუნება.
   

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოგმართავთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:


1.    ირიცხება, თუ არა პრემიერ მინისტრის მიერ გამოყენებული თვითმფრინავი სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბალანსზე?


2.    იყო, თუ არა პრემიერის ვიზიტი კერძო ხასიათის. თუ კი, მოგვაწოდეთ ბოლო 5 წლის ინფორმაცია, რამდენჯერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის მომსახურების შეძენა პირადი მიზნებისთვის. ასევე, მოგვაწოდეთ თარიღები და გაწეული მომსახურების ხარჯთაღრიცხვა;


3.    დაგვიკონკრეტეთ, შეიძინა, თუ არა პრემიერ მინისტრმა ზემოაღნიშნული ბორტით მომსახურების სერვისი? ვის მიერ მოხდა ღირებულების ანაზღაურება (არასაბიუჯეტო, თუ კერძო პირის მიერ)?


4.     მოგმართავთ, წარმოგვიდგინოთ პრემიერ მინისტრის მიერ სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან“ დადებული ხელშეკრულება, თუ მსგავსი მომსახურების შესყიდვა მოხდა.

ასევე, მოგვაწოდეთ ზემოაღნიშნული რეისის დაფინანსების დოკუმენტაცია. კერძოდ, მომსახურების ღირებულება, მომსახურების შესყიდვის დამადასტურებელი საბანკო გადარიცხვის ქვითარი გადამხდელი პირის მითითებით;


5.    ასევე, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, იმ ერთი კვირის ღირებულების შესახებ, რა დროსაც თვითმფრინავი სარგებლობდა მიუნხენის აეროპორტის სერვისით და ამასთანავე, ეკიპაჟის წევრების საქართველოდან გერმანიაში და უკან ორჯერ გამგზავრება-დაბრუნების ხარჯთაღრიცხვა;" - წერია განცხადებაში.
 

მსგავსი სიახლეები