ნაღმი არც მოქალაქის სხეულზე და არც ბინაში არ არის - აღსრულების ეროვნული ბიურო
აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, პაატა შამუგია თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე არსებულ ვითარებაზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, არ დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახლი დანაღმული იყო, ან 52 წლის კაცს ტანზე საბრძოლო მასალა ჰქონდა დამაგრებული.
ირკვევა, რომ 52 წლის გიორგი ფიფიასთან დღეს 11 საათზე აღსრულების ეროვნული ბიუროდან გასახლებისთვის მივიდნენ, რა დროსაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კაცს სახლი დანაღმული ჰქონდა.
რამდენიმე წუთის წინ კი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა "პირველებს" უთხრა, რომ "ნაღმი არც ამ კაცის სხეულზე და არც ბინაში არ არის"
ნაღმი არც ამ კაცის სხეულზე და არც ბინაში არ არის, თუმცა ვინაიდან თავიდან მოვალე მხარე ამას ამბობდა, ჩვენი ვალდებულება იყო, რომ ეს გადაგვემოწმებინა, ჩვენ მივმართეთ 112-ს და არანაირი საეჭვო ბინაში არ არის. ამ წუთის მდგომარეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება, ჩვენ ჩართულები ვართ, მათ შორის კერძო მხარესთანაც, იმისთვის, რომ მოახერხონ მხარეებმა შეთანხმება და შესაძლოა, ორივე მხარე თუ გაითვალისწინებს, გამოსახლება გარკვეული ვადითგა დაიდოს, - ამბობს პაატა შამუგია.
მისი თქმით, უწყება ბოლო სამი წელია, ცდილობს მხარეებთან მოლაპარაკებებს მათი მორიგებისა და შეთანხმების მიზნით, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება მხარეებმა ვერ მოახერხეს.
ამ დროისთვის, მაღალაშვილის ქუჩაზე სიმშვიდეა, თუმცა პოლიცია ადგილზე ამ დრომდე რჩება.