ახალი კომიტეტი სააკაშვილის ხელმძღვანელობით - ვის ეკუთვნის იდეა და რას ამბობენ ენმ-ს მენეჯმენტში?
მოსალოდნელი ცვლილებები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში - ენმ-ში შესაძლოა, ახალი პოლიტიკური კომიტეტი შეიქმნას. ირკვევა, რომ იდეის ავტორი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილია.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მედიატორის როლი გიგი უგულავას აკისრია, რომელიც წყაროს ცნობით, უკვე შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელიას.
თავად უგულავა მელიასთან შეხვედრაზე არ საუბრობს, თუმცა "ტვ პირველისთვის" გამოგზავნილ წერილობით პასუხში აღნიშნავს, რომ კომიტეტი პოლიტიკისა და სტრატეგიის განმსაზღვრელი ორგანო იქნება.
აღსანიშნავია, რომ პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ დღეს პოლიტიკური კომიტეტის იდეას გიგი უგულავას ინიციატივა უწოდა.
"პირველებმა" კითხვა ლევან ბეჟაშვილსაც დაუსვა, მისი თქმით, ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გარკვეული საბჭოს შექმნის ინიციატივა გიგი უგულავამ დააყენა.
გიგი უგულავას მხრიდან ეს ინიციატივა დაფიქსირდა, რომ შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გარკვეული პოლიტიკური საბჭო, რომელიც საერთო ოპოზიციურ სტრატეგიას განსაზღვრავს. ინიციატივა ჩვენი მხრიდანაც გაჟღერდა.
ყველა, ვინც გადალახავს თავის თავში გარკვეულ კომპლექსებს, შიდა არჩევნების შედეგებით გამოწვეულს თუ ა.შ. მზად ვართ, რომ საერთო ფორმატში ამ საბჭომ იმუშაოს", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
გიგი უგულავას ინიციატივა გულისხმობს პრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანებას კონკრეტულ ბორდში, რომელიც იქმნება მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.