პოლიტიკური კომიტეტი სააკაშვილის თავმჯდომარეობით - რას პასუხობენ მელიას გუნდში

14.09.23 17:27
პოლიტიკური კომიტეტი სააკაშვილის თავმჯდომარეობით - რას პასუხობენ მელიას გუნდში

ვინ იქნება მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული პოლიტიკური კომიტეტის შემადგენლობაში და დათანხმებიან თუ არა მელიას გუნდის წევრები მესამე პრეზიდენტის მიწვევას - როგორც ბაჩო დოლიძე ამბობს, ამ ეტაპზე ბევრი ბუნდოვანი საკითხია, რაზეც პასუხი მელიას გუნდს არ აქვს.

როგორც ბაჩო დოლიძე ამბობს, ბუნდოვანია, მაგალითად, ის, რომ ახალი კომიტეტი "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში არ იქნება, თუმცა, იდეის თანახმად, განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკას და სტრატეგიას. ამ შემთხვევაში დოლიძე მიიჩნევს, რომ ამ იდეით ნათელი ხდება, რომ ენმ-ში ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ დაკომპლექტებული პოლიტიკური საბჭო უმოქმედოა. 

შესაბამისად, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ კომიტეტის შექმნას სჯობს, რომ პარტიაში ძველ პოლიტსაბჭოს აღუდგეს უფლებამოსილება.

ნამდვილად არ ვიცი, ვის ეკუთვნის ეს იდეა. რაც შეეხება კომიტეტს და კომისიები, არ ვიცი. იძახიან, რომ სააკაშვილს ეკუთვნის იდეა, რომ შეიქმნას კომიტეტი, რომელიც არ იქნება პარტიის შიგნით, მაგრამ ამავდროულად უნდა განსაზღვროს პარტიის პოლიტიკა და სტრატეგია, დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად არაქმედუნარიანი პოლიტსაბჭო გვყავს, მოდით, რეალობას გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ, რომ ეს ასეა. კომიტეტი კი არ უნდა შეიქნას, თუ ჩვენ არ ვენდობით პოლიტიკურ საბჭოს, უნდა ვთქვათ, რომ ძველ პოლიტიკურ საბჭოს აღვუდგინოთ სტატუს-კვო, ეს არის გამოსავალი და არა კომიტეტების შექმნა,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.

როგორი იქნება პოლიტიკური კომიტეტი, გაუგებარია, გიორგი კირთაძისთვისაც. თუმცა, მისთვის მთავარია, რომ ყველა პლატფორმიდან ოპოზიციამ მოახერხოს ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა.

ბოლომდე სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი ბორდი თუ შესაბამისი კომიტეტი, მთავარი და მნიშვნელოვანი არის ეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა პლატფორმაზე, სადაც იქნება შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლა. ამიტომ, ალბათ, უფრო მეტი დეტალი იქნება ამ მიმართულებით საჭირო, რას გააკეთებს საერთოდ ეს ბორდი და რა უფლებამოსილებები ექნება მას, შეძლებს თუ არა გადამწყვეტი შეტევის მიტანას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად,“ - ამბობს გიორგი კირთაძე.

რა არის "ნაციონალური კომიტეტი" და ვინ იქნებიან გაერთიანების წევრები - ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საჭიროა, შეიქმნას ახალი საბჭო, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ძველი და ახალი წევრებით დაკომპლექტდება.

"პირველებს" პარტიაში უდასტურებენ, რომ პოლიტიკური კომიტეტის წევრებად მოიაზრებიან ყოფილი თავმჯდომარე და მისი გუნდის წევრებიც. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნიკა მელიასა და კობა ნაყოფიასთან. ნიკა მელიას გიგი უგულავა უკვე შეხვდა, რაც უგულავამ "პირველებს" დაუდასტურა. სწორედ უგულავაა ის პირი, ვინც კომიტეტის შექმნასა და მოლაპარაკების პროცესში ჩართულია.