არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი - კობახიძე

19.09.23 16:31
არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი - კობახიძე

"არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი", - ეს განცხადება რუსული კანონპროექტის მხარდამჭერმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფარცხალაძის დასაცავად გააკეთა.

ირაკლი კობახიძისთვის კრიტიკულად მიუღებელია ოთარ ფარცხალაძისთვის რუსეთის აგენტის წოდება. არადა, ამერიკის შეერთებული შტატებში ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირების დასაბუთებისას თქვეს, რომ ფარცხალაძე ეფ-ეს-ბე-სთან თანამშრომლობდა და რუსული სპეცსამსახურები სწორედ ფარცხალაძის დახმარებით გეგმავდნენ საქართველოში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზემოქმედებას.

კობახიძე ასევე ამბობს, რომ როდესაც "ვიღაც დააბრალებს ადამიანს აგენტობას", სახელმწიფო მტკიცებულებები უნდა მოუთხოვოს.

როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%, ეს ჩვენი კანონმდებლობის თანახმად არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ამას სჭირდება მტკიცებულებები , ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მაშინ, როდესაც ფარცხალაძის შემთხვევაში აგენტის დაძახებას ირაკლი კობახიძე მიუღებლად მიიჩნევს, ის იყო ერთ-ერთი, ვინც რუსული კანონპროექტის მხარდაჭერით აკანონებდა აგენტის ტერმინს, რა დროსაც უცხოური გავლენის აგენტები ხდებოდნენ ორგანიზაციები და კერძო პირები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ირაკლი კობახიძე აგენტებად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხშირად მოიხსენიებს - მაგალითად, ირაკლი კობახიძემ ყოფილ სახალხო დამცველს, პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელს ნინო ლომჯარიას "გაქანებული ნაციონალი" და უცხოური აგენტი უწოდა.

მსგავსი სიახლეები