"იმ ღამით იმყოფებოდა სოფლის ცენტრში" - რას ამბობს ლექტორის წამების ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატი
ლექტორის მოკვლა წამებით - დაკავებული 23 წლის სართან ჰუსეინოვი ბრალს არ აღიარებს. როგორც მისი ადვოკატი „ტვ პირველთან“ ამბობს, ირიბი მოწმეების ჩვენების საფუძველზე მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ 23 წლის ახალგაზრდა ლექტორის წამების ღამეს არა ტყეში, არამედ სოფლის ცენტრში იმყოფებოდა.
ყველაფერი ჯერჯერობით, არის ირიბ მტკიცებულებებზე აგებული, ირიბი მოწმეების საფუძველზეა. არ აღიარებს ბრალს, არანაირი კონტაქტი დაზარალებულთან არ ჰქონია. ბავშვია, ადგილობრივია შიდა ქართლიდან, იმ ღამით იმყოფებოდა სოფლის ცენტრში, ექსპერტიზები გასცემს ყველაფერზე პასუხს,“ - ამბობს ადვოკატი, ზაზა ნაჭყეპია.
ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი ცემით მოკლეს - სასტიკი ანგარიშსწორება გარდაბნის ტყეში მოხდა. 67 წლის პროფესორი ახალგაზრდა კაცებმა ხელკეტებით და ბეისბოლის ჯოხებით სცემეს, აწამეს და 20 ათასი ლარი წაართვეს. შსს-მ დეკანის ცემის ფაქტზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, მეორე პირი კი მიმალვაშია, „პირველების“ ინფორმაციით, მან ქვეყანა უკვე დატოვა.