რუსული ინტერესების გატარება - გოცირიძე თურნავა საბანკო სისტემის დანგრევაში ადანაშაულებს
სებ-ის დადგენილება ფარცხალაძის გადასარჩენად - ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბანკო სისტემის დანგრევაში ადანაშაულებს.
"ევროოპტიმისტების" ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა "რუსული ინტერესების გატარებას" ემსახურება.
საუბარია, ნათია თურნავას ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სანქციები საქრთველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
ამასთან, რომან გოცირიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის სებ-ში კანდიდატების წარდგენისას "ქართული ოცნების" ზემოქმედებას დაემორჩილა:
ანგრევს საბანკო სისტემას ეს დადგენილება და ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესების გატარებას... ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ქალბატონ სალომეს (ზურაბიშვილს), ის დაემორჩილა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ზემოქმედებას და ყველა კანდიდატურა, რომელიც დღეს სამთავრობო კანდიდატურაა მის მიერ არის წარდგენილი.
მან კარგად უნდა გააცნობიეროს ეს და რა თქმა უნდა, თავის მართლება და რაღაც უცნაური არგუმენტები, რომ საცდელად შემოაგდო, თურმე იმის გამო რომ ესენი დაემტკიცებინათ და ბაქრაძე, რომ არ დაამტკიცეს და რაღაც ეჩვენებინათ ამ ხელისუფლების მავნებლობა არის ძალიან არასერიოზული"- ამბობს გოცირიძე.
მას შემდეგ რაც ნათია თურნავამ აშშ- სანქციების შესრულებაზე უარი განაცხადა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომა მოითხოვა. პრეზიდენტი თვლის, რომ აუცილებელია, სებ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს.
წინა კვირას თურნავამ სპეციალურად ფარცხალაძისთვის გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ანგარიშებზე წვდომა შეუწყვიტა.