ჩემი სურვილია შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მომავალ სასესიო კვირას გავიტანოთ - ბოკუჩავა

26.09.23 16:14
 ჩემი სურვილია შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მომავალ სასესიო კვირას გავიტანოთ - ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობა" შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას პარლამენტში მომდევნო სასესიო კვირაში გატანას გეგმავს. მანამდე კი, ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს კოლეგა დეპუტატებთან კონსულტაციები ექნებათ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ კომისიის საბოტაჟს მოახდენს და თუ ასე მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას ცდილობს.

ჩემი სურვილია, არ დაიკარგოს ძალიან ძვირფასი დრო და დაუყოვნებლივ გამოვიყენოთ შემდეგი სასესიო კვირის შესაძლებლობა ამ საკითხის გამოსატანად, თუმცა, ფორმალურად მე ბიუროზე ამას არ ვაყენებ, რადგან მსურს ყველა ოპოზიციონერ დეპუტატთან კონსულტაციის შედეგად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. კომისიის მხარდაჭერის პოლიტიკური გადაწყვეტილება მათ მიღებული აქვთ. თუმცა, მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ კოორდინირებული. „ოცნების“ უარი და პროცედურული საბოტაჟი საგამოძიებო კომისიის შექმნის კიდევ უფრო გაამწვავებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს, რომ "ოცნებას" მიუძღვის დანაშაული და მის დაფარვას ცდილობს ყველა გზით, მათ შორის კომისიის საბოტაჟირებით პარლამენტში", - განაცხადა ბოკუჩავამ.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ინიციატივის დაყენებას ვერ ახერხებდა, რადგან ხმები აკლდებოდა. დღეს კი გახარიას გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები