ვინ შეუქმნა მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე? - საკრებულოს თავმჯდომარის აღიარების შემდეგ, ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის სკანდალური აღიარების შემდეგ, ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება დავით დარჩიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვემო ნატანების სკოლაში არსებული მძიმე პრობლემების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებას ჯერ კიდევ 4 თვის წინ ჰქონდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, თათია ნიკოლაიშვილის განცხადებით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული და ხელისუფლების გულგრილობა.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ, პირდაპირ, ოფიციალურა დდაადასტურა, რომ ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ყველა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელმა და ორგანომ იცოდა.
ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული, ვითხოვთ, პირველ რიგში, დაიწყოს შესაბამისი გამოძიება, გასაჯაროვდეს, ის კონკრეტული დოკუმენტაციები, რითაც დასტურდება, რომ 4 თვის წინ იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ საფრთხის წინაშე, ავარიულ შენობაში 500-მდე ბავშვი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად დადიოდა.
ეს არის პირდაპირ დანაშაული და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მათ შორის ბატონ თალაკვაძეს, რომელიც მერიისა და საკრებულოს თავზე აკეთებს კაფეს და არემონტებს აქაურობას, ამ დროს ბავშვებს, ორი სოფლის ბავშვებს, თავზე ენგრევათ სკოლა."- განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სკოლის მოსწავლეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანაზე ზრუნავდეს, დაკავებულია პირადი ფუფუნებით.
სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაზარალებული და დაშავებული ადამიანები. ამ ყველაფრის ფონზე, რატომღაც, ხელისუფლებამ ვერ გამონახა დრო, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ ვხედავთ, რომ ზურგს უკან მიდის გრანდიოზული მშენებლობა, არიგებენ ახალ ავტომობილებს, ირემონტებენ კაბინეტებს, კაბინეტის თავზე იწყობენ კაფე-რესტორნებს"- დასძინა ოპოზიციონერმა.
ქვემო ნატანების სკოლაში ჭერი 2 დღის წინ ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. სკოლის დამლაგებელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.