ხელისუფლება რუსული ტიპის შეთქმულების თეორიების გავრცელებას და ქართველი ხალხის შეშინების მცდელობას აგრძელებს - მშვენიერაძე

29.09.23 16:13
ხელისუფლება რუსული ტიპის შეთქმულების თეორიების გავრცელებას და ქართველი ხალხის შეშინების მცდელობას აგრძელებს - მშვენიერაძე

"ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რუსული ტიპის შეთქმულების თეორიების საზოგადოებაში გავრცელებას და ამით ქართველი ხალხის შეშინების მცდელობას," - ასე აფასებს გიორგი მშვენიერაძე სუს-ში დაკითხვების სერიის დაწყებას

საქმე ეხება ღარიბაშვილის მოწოდების შემდეგ სუს-ის მხრიდან სერბული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების დაკითხვაზე დაბარებას.

როგორც მშვენიერაძე წერს, კანვასი არის ორგანიზაცია, სადაც მოქალაქეებს ასწავლიან, როგორ დაიცვან საკუთარი ინტერესები, ხმა და უფლებები არაძალადობრივად. ამ ორგანიზაციის აქტიურობა კი, მშვენიერაძის შეფასებით, ავტორიტარ მმართველებს აღიზიანებთ.

სინამდვილე კი ისაა, რომ დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს აქტიური მოქალაქეების გარეშე და სწორედ ამ მიზნებს ემსახურება კანვასის საქმიანობაც - ასწავლოს ადამიანებს, როგორ დაიცვან საკუთარი ინტერესები, ხმა და უფლებები არაძალადობრივად.

კანვასის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც აგრძელებენ მაჰათმა განდის, ნელსონ მანდელას, ვაცლავ ჰაველის გზას - ადამიანებმა არაძალადობრივად შეეწინააღმდეგონ ტირანიასა და ჩაგვრას.

მათი ძალისხმევით, სერბეთის დიქტატორ მილოშევიჩს, რომლის კისერზე ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მოსპობაა, მოუწია ეღიარებინა არჩევნებში დამარცხება და ხელისუფლება გადაებარებინა კანონიერ არჩეული პრეზიდენტისთვის. ეს იყო ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც მოქალაქეებმა არაძალადობრივად შეძლეს დიქტატორისგან დაებრუნებინათ ის, რაც მათ ეკუთვნოდათ - ძალაუფლება.

კანვასის დამფუძნებლებს, მათ მიერ გაწეული შრომის გამო განსაკუთრებულად აფასებენ დემოკრატიული სახელმწიფოები და ლიდერები, თუმცა მტრობენ ავტორიტარი მმართველები, რომლებსაც საკუთარი ძალაუფლება ხალხისგან აქვთ მოპარული. მაგალითად, პუტინის რუსეთი, რუსული სახელისუფლებო მედია და პროპაგანდა ყოველთვის აქტიურად მუშაობდა და მუშაობს მათ გაშავებასა და დემონიზებაზე.

საქართველოში დემოკრატიის შემდეგი გაძლიერება, სწორედ აქტიურ და თავისუფალ ადამიანებზე იქნება დამოკიდებული. გვესმის, რომ ვიღაცებს ამის ეშინიათ, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა, ხელი შეუშალონ საქართველოს მოქალაქეებს იყვნენ განათლებულები, აქტიურები და თავისუფლები, განწირულია მარცხისთვის," - წერს მშვენიერაძე.

მსგავსი სიახლეები