ყოველთვის კორექტულ შეფასებებს ვაკეთებთ ზურაბიშვილთან მიმართებით, არაკორექტული მიუღებელია - კობახიძე
"თქვენ დასდევთ ხოლმე რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს, მე საერთოდ არ დავდევ", - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კარასინის შეურაცხმყოფელი განცხადების შეფასებისას გააკეთა.
კობახიძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადება შეაფასა, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ განაცხადა, რომ „პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია“. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს, მმართველი გუნდის წევრები მის მიმართ ყოველთვის კორექტულები არიან.
ძალიან გიყვართ მათი ციტირება. ჩვენ ჩვენი შეფასება გვაქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ჩვენ კორექტული ვართ ხოლმე ჩვენს განცხადებებში მიუხედავად იმისა, რომ ის მართლაც უმძიმეს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს დგამს. ყოველთვის კორექტულ შეფასებებს ვაკეთებთ მასთან მიმართებით. ჩვენთვის არაკორექტული შეფასებები მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს კარასინი-აბაშიძის ფორმატის გადახედვას, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ასეთ განცხადებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებებს ვერ მოვიღებთ“.
"ქართული ოცნების" მსგავსად, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აკრიტიკებს. "პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო!" - წერს Telegram-ზე კარასინი.