"აშშ-ის საელჩოს განცხადება გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელია" - კობახიძე
ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადება-ს "შემაშფოთებელს" უწოდებს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, განცხადებით გაოგნებული და შეშფოთებული იყო, ახლა კი საზოგადოებას აქვს მოლოდინი, საელჩოს მხრიდან მოისმინოს, რომ მათ მიერ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა არ მოხდება.
გუშინ წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. იმის მაგივრად, გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისაგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებისგან, აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება ვნახეთ, რაც შემაშფოთებელია.
ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არა რევოლუცია, ის უბედურება, რაც მაგალითად, რევოლუციამ მოუტანა იგივე ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინას. ეს არ უნდა საზოგადოებას და საზოგადოების მოლოდინია, ამ შემთხვევაში, საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია. პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ რევოლუციისთვის NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები ამზადებენ. საუბარია, სერბეთის მოქალაქეებზე. უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს ასწავლეს როგორ იმოქმედონ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ მოაწყონ პიკეტები, საცობები, დესტრუქცია და როგორ ჩამოშალონ ხელისუფლება.
სუს-მა გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია. მას დაახლოებით ოცი ჭრა აქვს. მასალაში ისმის, რომ სერბეთის მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.