სახელმწიფოს პოლიტიკა აქტივისტების მიმართ კიდევ უფრო რეპრესიული ხდება - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი - სახელმწიფოს პოლიტიკა აქტივისტების მიმართ კიდევ უფრო რეპრესიული ხდება, - ასე აფასებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესის შესაძლო გამკაცრებას. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კანონის მიღება არსებითად დააზიანებს დემოკრატიის ხარისხს საქართველოში.
საქმე ეხება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებას, რომელიც ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ჩამონათვალს აკეთებს იმ პრობლემების, რაც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აქვს:
- წინააღმდეგობა საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან;
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა აქციებზე კონსტრუქციების განთავსების აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კონტექსტში. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, სტრასბურგის სასამართლო განმარტავს, რომ აქციის კონკრეტულ ფორმას და სახეს, მაგალითად კარავს, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და იგი შეიძლება განუყოფელიც იყოს პროტესტის გზავნილისგან.
- ბუნდოვანი წინაპირობები;
კანონპროექტის მიხედვით, აქციაზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შეზღუდვას რამდენიმე წინაპირობა შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, თუ კონსტრუქციის გარეშე აქცია არ ფერხდება, ან კონსტრუქცია არ უკავშირდება მანიფესტაციას. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესაფებით, ეს დათქმები ორაზრვანი და ბუნდოვანია.
- კანონმდებლობაში ისედაც არსებობს შეკრების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საჭირო გარანტიები;
„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” და „პოლიციის შესახებ” კანონები ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს შეკრების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, დამატებითი ცვლილებები მშვიდობიანი საპროტესტო პროცესების მართვის მცდელობაა.
- კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით რეალური საჭიროების გარეშე განიხილება.
„ქართული ოცნება“ დაჩქარებული ცვლილებების საჭიროებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადებით ხნის. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების გეგმის არსებობით. სოციალური სამართლიანიბის ცენტრში აცხადებენ, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, რეალური საფრთხიოს არსებობის შემთხვევაშიც კი ადეკვატური რეაგიება გამოძიების დაწყება იქნებოდა და არა კანონში დაჩქარებული ცვლილებები.
აქციებაზე დროებითი კონსტრუქციების გამოყენების ამკრძალავი ნორმა კანონდმებლობაში, ჯერჯერობით, არ არსებობს. ამის მიუხედავად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იხსენებს ბოლო წლების პრაქტიკას ამ მიმართულებით.
„ბოლო წლებია შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის ფარგლებში ფაქტობრივად სისტემატურად იყენებდა ამ მექანიზმს. პოლიცია ხშირად აქციის მონაწილეებს არათუ არ აძლევდა კარვის გაშლის შესაძლებლობას, არამედ ამის გამო აკავებდა კიდეც […] კანონპროექტის მიღებით გამოხატვისა და შეკრების უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის პრაქტიკა ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა, რითიც კიდევ უფრო მეტად შეიზღუდება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უფლებები“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პარლამენტს მოუწოდებს, “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარუ არ დაუჭუროს.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ამკაცრებს აქციებებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესს. კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
- საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.