ირანის ელჩს საქართველოს პარლამენტის კომიტეტზე გამოსვლა სურს
ირანის ელჩს საქართველოში პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლა სურს. მაჰმუდ აბიდი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) წერს, რომ შესაბამისი თხოვნით საქართველოს პარლამენტის სპიკერს შალვა პაპუაშვილს მიმართა.
ელჩი „მკაცრად გმობს, სიონისტური რეჟიმის ელჩის დაუსაბუთებელ ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ“. საუბარია ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის 12 ოქტომბრის გამოსვლაზე საპარლამენტო კომიტეტში.
გასულ ხუთშაბათს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ისრაელის ელჩმა ისაუბრა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპული 1300 ადამიანის შესახებ და განაცხადა, რომ ეს თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ რისიც სჯერა ისრაელს, საქართველოს, აშშ-ს და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს.