გამოდის, რომ კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდებიან - კობახიძე განსხვავებული აზრის ავტორ სამ მოსამართლეზე
"თუ ამ სამ მოსამართლეს თავის განსხვავებულ აზრში უწერია ის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, გამოდის, რომ ისინი ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდებიან", - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძე აკრიტიკებს იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც იმპიჩმენტის საქმეზე განსხვავებული აზრი დაწერეს.
კობახიძის თქმით, ეს წარმოუდგენელი რამაა, „რაც არ მინდა უბრალოდ, რომ დავუშვა“.
თუ ამ სამ მოსამართლეს თავის განსხვავებულ აზრში უწერია ის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, გამოდის, რომ ისინი ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდებიან. ეს, ასე ვთქვათ წარმოუდგენელი რამაა, რაც არ მინდა უბრალოდ, რომ დავუშვა. არ მინდა დავუშვა ის, რომ ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად იწოდებიან, ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს, საპარლამენტო მმართველობის სისტემას დაუპირისპირდნენ, ეს იქნებოდა დანაშაულებრივი ქმედება, არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას. შეიძლება, მაინც და მაინც, სისხლის სამართალი არ ვიგულისხმო ან ვიგულისხმო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ მათ თუ ასეთი რამ დაწერეს, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ერთგვარი დანაშაულებრივი ქმედება იმიტომ, რომ ეს იქნებოდა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.