სულ ამოდიან, თბილად, სიყვარულით - წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი ოკუპანტებზე

26.10.23 17:15
სულ ამოდიან, თბილად, სიყვარულით  -  წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი ოკუპანტებზე

ოკუპანტები ლომისას ტაძარში - სოფელ მლეთაში მდებარე ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, მამა დავით ბურდული საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადება სრულად დაადასტურა და თქვა, რომ რუსი სამხედროები იქ სულ ადიან:

მეტიც, სასულიერო პირის მტკიცებით, ოკუპანტები "ყოველთვის თბილად, სიყვარულით" იქცევიან: 

"ძალიან საფრთხილო თემაა ამ საზღვარზე ასეთი განცხადებები და მე მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც, რომ როდესაც რაღაც რეპორტაჟს აკეთებენ, რომ ძალიან ფრთხილად გააკეთონ ეს რეპორტაჟი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ე.წ დროებითი საზღვარია და ძალიან სიფრთხილე არის საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება აღარ გავაკეთოთ ჩვენ. რაც ბრძანა მამა ბგიგოლმა, ესენი სულ ამოდიან ასე, ჩვენ არანაირი დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი, ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან. ", - ამბობს მამა დავით ბურდული.

მლეთის ხეობაში გადაღებული კადრები გუშინ გავრცელდა - კადრებში ჩანს, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში სრულიად თავისუფლად  გადაადგილდებიან.  ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გადმოკვეთეს ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი და როგორ ზვერავენ  ტერიტორიას მლეთის ხეობიდან.

საუბარია სადაზვერვო  ჯგუფზე, რომლის შეიარაღებული წევრები ჯერ კიდევ გუშინ ერთ-ერთმა მომლოცველმა დაინახა.  ისინი დრონების საშუალებით ზომავდნენ მლეთის ხეობას.  სად იყო ამ დროს საზღვრის დაცვის პოლიცია, რატომ ვერავინ გაიგო რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ საზღვრის გადმოკვეთის ამბავი და თუ გაიგეს, რატომ არ მოახდინეს რეაგირება? ფაქტია, რომ რუსეთი ახალ საოკუპაციო გეგმას ამზადებს და ამ ყველაფერს მთავრობა დუმილით ხვდება.