სახელმწიფო რესურსების პირადი ინტერესებისთვის გამოყენება - მესამე სექტორი ბაობაბების სკანდალზე
„დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებით ატეხილ ხმაურს ეხმიანება და ამბობს, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა. გიორგი მშვენიერაძის თქმით, ივანიშვილი ყველა სახელმწიფო უწყებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
ბატონი ივანიშვილი, არა მარტო ასეთ სიტუაციებში, როგორიც დაკავშირებულია მისი პირადი პარკისთვის ხეების მოწყობასთან, არამედ მისთვის საჭირო საკითხებზე, ეს იქნება ბიზნეს საკითხები თუ ეს იქნება მისთვის პოლიტიკურად საინტერესო საკითხები, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო უწყების კონტროლით არის დაკავებული. მის ხელთ არის ისეთი ძალაუფლება, რომელიც ერთის მხრივ, არ კონტროლდება და მეორეს მხრივ, მას შეუძლია ეს ძალაუფლება ყოველთვის გამოიყენოს საკუთარი პირადი ინტერესების სასარგებლოდ. ეს შემთხვევაა, უბრალოდ, კიდევ ერთი დადასტურებაა ამ არაფორმალური მმართველობის და არაფორმალური ძალაუფლების, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს ლონდა თოლორაიაც.
გუშინ მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც. ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.