რატომ არის ფარცხალაძე ხელშეუხებელი: დეკანოიძე თვლის, რომ მთავრობას ჯაშუშობაში მხილებულის ალაპარაკების ეშინია

30.10.23 15:27
რატომ არის ფარცხალაძე ხელშეუხებელი: დეკანოიძე თვლის, რომ მთავრობას ჯაშუშობაში მხილებულის ალაპარაკების ეშინია

რატომ აფარებს ხელს ხელისუფლება აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში მხილებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს და რატომ არ იწყება გამოძიება სანქცირებული მოსამართლეების მიმართ - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანების მხრიდან სისტემის მხილების ეშინია.

"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ამ შინაარსის კითხვა მან სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილსაც დაუსვა, როდესაც ის პარლამენტში იმყოფებოდა.

დეკანოიძის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ფარცხალაძე ხელშეუხებელი რამდენიმე მიზეზის გამო არის, ერთ-ერთი კი ყოფილი გენერალური პროკურორის ალაპარაკების შიშია. 

ლილუაშვილს ვესაუბრებოდი - რატომ არ დაინტერესდით რუსული პასპორტის აღების ფაქტის შემდეგ ამ ადამიანით, რომელსაც ამხელა გავლენები ჰქონდა საქართველოში, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია ფარცხალაძე და ბევრი რამ იცის, იმიტომ, რომ იცის, რომ ნებისმიერ დროს დადგეს და ყველაფერი მოჰყვეს ყველა იმ ადამიანზე, რომელიც არის რეალურად ამ მძიმე საქმიანობაში ჩართული, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი,“ - ამბობს დეკანოიძე.

51 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების და ყოფილი პროკურორის დაცვა. იმ ფონზე, როდესაც სტრატეგიულმა პარტნიორმა მოსამართლეები შესაძლო კორუფციულ გარიგებაში, ხოლო ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის ფსბ-ის აგენტობაში ამხილა და ამ ფონზე, საქართველოს მთავრობა მათ იცავს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ეს არის გზავნილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მიზანი ევროინტეგრაცია არ არის.