დეზინფორმაცია, სიცრუე - თალაკვაძის პასუხი 51 არასამთავრობო ორგანიზაციას
"ქართული ოცნება" იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმას აგრძელებს, რომლებიც ხელისუფლებას აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში მხილებული გენერალური პროკურორისა და სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.
არჩილ თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს კვლავ ბრალს სდებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაში.
რჩებიან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ პარტიულად არიან დაკავშირებული პოლიტიკასთან და ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციებს იგივე სახელები ჰქვიათ, რაც პოლიტიკურ პარტიებს. ეს ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროპულ პროგრესს და ვერ შეუშლის ხელს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ეს არის დეზინფორმაცია, ეს არის სიცრუე, ამ ბრალდების უკან არანაირი საფუძველი არ არსებობს.
სამართალწარმოებაც იცით, მოქალაქეობასთან დაკავშირებული წარმოებაც იცით, უბრალოდ დღეს ორშაბათს, რაც გჭირდებათ იმას აშუქებთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
51 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების და ყოფილი პროკურორის დაცვა. იმ ფონზე, როდესაც სტრატეგიულმა პარტნიორმა მოსამართლეები შესაძლო კორუფციულ გარიგებაში, ხოლო ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის ფსბ-ის აგენტობაში ამხილა და ამ ფონზე, საქართველოს მთავრობა მათ იცავს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ეს არის გზავნილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მიზანი ევროინტეგრაცია არ არის.