როგორ დაიგეგმა ფრენების აღდგენა რუსეთთან - აბაშიძე-კარასინის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი ქვეყნდება
თბილისი-მოსკოვს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კარასინი-აბაშიძის საუბრის ამსახველი ახალი ჩანაწერი ვრცელდება. სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი 2022 წლის 15 მარტით თარიღდება.
აუდიომასალიდან ირკვევა, რომ სწორედ ამ პერიოდში განიხილებოდა საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა და ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქცირებული და ბლოკადაში მოქცეული რუსეთის ინტერესში შედიოდა.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერს სოციალურ ქსელში "კიბერ კმარა" ავრცელებს.
ზ.ა. - ალიო;
გ.კ. - ზურაბ, გამარჯობა;
ზ.ა. - გამარჯობა, როგორ ხარ?
გ.კ. - არამიშავს; ვმუშაობ. ახლა ოფისში ვარ. მისმინე, შენი რჩევა მჭირდება. როგორც იცი, სიტუაცია რთულია და თან მრავალფეროვანი. ჩვენი ტრანსპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა და კიდევ ისმის მოსაზრებები, რომ სახმელეთო საგზაო კავშირებიც უნდა აღდგეს და ასე შემდეგ... ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ამ საკითხების წამოწევა და განხილვა ჯერ ნაადრევია. ვცდები?
ზ.ა. - არა, მართლი ხარ. აბსოლუტურად მართალი.
გ.კ. - საჭიროა, რომ ცოტა მოვიცადოთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება.
ზ.ა. - დიახ, დიახ.
გ.კ. - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კარგ წამოწყებებს დასაწყისშივე დავმარხავთ.
ზ.ა. - ჰო, ჩვენ ახლა აქ სამართებლის პირზე დავდივართ.
გ.კ. - ჰო, ესე იგი ჩვენ ამ საკითხში ვთანხმდებით.
ზ.ა. - დიახ, დიახ, სჯობს ცოტა მოვიცადოთ.
გ.კ. - კარგი, ზურაბ ირაკლიევიჩ, თავს გაუფრთხილდი და შენებს მოკითხვა გადაეცი.
ზ.ა. - ასევე, ასევე.
რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა და ამტკიცებდა, რომ ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ხელისუფლებამ თავად სთხოვა.