როგორ აღმოჩნდა პუტინთან ერთად ვახშამზე დავითაშვილი და რატომ არ დატოვა შეხვედრა - ვიცე-პრემიერის პირველი კომენტარი

31.10.23 18:59
როგორ აღმოჩნდა პუტინთან ერთად ვახშამზე დავითაშვილი და რატომ არ დატოვა შეხვედრა - ვიცე-პრემიერის პირველი კომენტარი

"ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია, ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორო ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულება", - ასე ხსნის ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ჩინეთში იმ შეხვედრაში მონაწილეობას, რომელსაც პუტინიც ესწრება

დავითაშვილმა ჩინეთში ვიზიტთან და პუტინთან ერთ სივრცეში ყოფნის შემდეგ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და ყველაფერი სპეკულაციად შეაფასა.

დავითაშვილი ამბობს, რომ შეხვედრას ვერ დატოვებდა, რადგან მასპინძელი ჩინეთი იყო.

ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა პრეზიდენტმა სიმ და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია და მათი განლაგება ცნობილი არ იყო. თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ არანაირი მოლაპარაკება, შეხვედრა, დიალოგი ამ შემთხვევაში არ გვქონდა, ეს არის ცრუ ინფორმაცია და სპეკულაციები. ასევე, სახელმწიფო მეთაურების განლაგება და დელეგაციის სხვა წევრების, მათ შორის, მინისტრების განლაგება იყო გამიჯნული და ზუსტად ამაზეა საუბარი ერთ-ერთ კონტექსტში და ერთიანი სურათის ჩამოყალიბება - ეს არის ზუსტად მონტაჟი. ამიტომ ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლის დაცვა,“ - ამბობს დავითაშვილი.

18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო. ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.