ყველაფერი ლექსო ლაშქარავაზე გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო - რაზმაძე შსს-ს მხრიდან ზეწოლის ახალ დეტალებზე საუბრობს

31.10.23 22:10
ყველაფერი ლექსო ლაშქარავაზე გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო - რაზმაძე შსს-ს მხრიდან ზეწოლის ახალ დეტალებზე საუბრობს

დისკრიმინაციული მოპყრობა შსს-ში - გოგა რაზმაძე სისტემას ამხელს და ყვება იმ საქმეების შესახებ, რაზე პოზიციის დაფიქსირების გამოც უწყების მაღალჩინოსნებმა მის წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება. დეტალებს რაზმაძე "რადიო თავისუფლებას" უყვება.

ერთ-ერთი პირველი საქმე, რაზეც გოგა რაზმაძემ კრიტიკული აზრი სოციალურ ქსელში ღიად დააფიქსირა და რის გამოც მას პასუხი მოსთხოვეს "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეა. 

გოგა რაზმაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ასაჯაროებს დისკრიმინაციული მოპყრობისა და მაღალჩინოსნების, მათ შორის, მინისტრის მოადგილის მხრიდან თანამშრომელთა უფლებების დარღვევისა და მათზე ზეწოლის ფაქტების მხოლოდ მცირე ნაწილს.

2021 წლის 5 ივლისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და რამდენიმე დღეში TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურის, თამაზ ლომიძის კრიტიკული პოსტი, რომელიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხებოდა. 

ყველა ადამიანზე მოძალადე და სიძულვილის ორგანიზატორ-წამქეზებლები რომ უკვე მკვლელები ხართ, თუ შეანათა მაგ თქვენს ბნელ ტვინებში?“, - წერდა რაზმაძე.

 

 

 

გოგა რაზმაძე ამბობს, რომ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ოსაძემ მას პოსტის წაშლა მოსთხოვა.

მწერდა, ნუ მაყენებ უხერხულ მდგომარეობაში, ხელმძღვანელები შენი პოსტის გამო მე მთხოვენ პასუხსო. მანამდე პროფილის ფოტოების ჩარჩოებიც ააღებინეს თანამშრომლებს. ვუთხარი, რომ ჩემი პირადი საქმე იყო, რას გავაზიარებდი ჩემს პირად გვერდზე და არავის მითითებით არ წავშლიდი ამ პოსტს“," - ამბობს რაზმაძე.

ამ უარის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა თათბირი მოიწვია, სადაც მას სხვების თანდასწრებით მოსთხოვა სტატუსის წაშლა. 

ამ თათბირზე, სხვების თანდასწრებით მომთხოვა, ამეღო პოსტი, რაზეც კვლავ უარი ვუთხარი. მითხრა, შენ რომ გააზიარე ის პოსტი, შენს მერე ხუთმა თანამშრომელმა გააზიარა და ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთო. თათბირის შემდეგ ოთახში შემოვიდა და მითხრა, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ პოსტთან, უბრალოდ, დარახველიძე (შს მინისტრის მოადგილე) მთხოვს, სანამ ამ პოსტს არ ააღებინებ, სახლში არ გაგიშვებო. პოსტის წაშლაზე უარი ვუთხარი. მერე ალტერნატივა შემომთავაზა, იქნებ დარახველიძეს დაუმალო ეს პოსტი და დანარჩენებისთვის ღია იყოსო, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი შეთავაზება იყო. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომ რაც სწორად მიმაჩნია, ის წავშალო ან ვინმეს დავუმალო“, - ამბობს გოგა რაზმაძე.

გოგა რაზმაძე ამბობს, რომ ბოლო წითელი ხაზი მაშინ გადაკვეთა, როცა ამჯერად, 2023 წლის 9 მარტს, ე.წ. რუსული კანონის შესახებ გააზიარა კრიტიკული პოსტი: „უკვე იცოდნენ, რომ პოსტის აღებას ვეღარ მომთხოვდნენ და ცხადი იყო, ამ პოსტს აღარავინ მაპატიებდა. ამ ფონზე, მალევე, დეპარტამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს აუდიტის სამსახური შემოვიდა“.

 

 

 

გოგა რაზმაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველს ისიც უნდა შეესწავლა, რამდენად დასაბუთებული იყო ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში აუდიტის სამსახურის შესვლა: „რატომ გააჩერეს საპატრულო პოლიციის აუდიტი, რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რომ ინსტიტუციურად ჩვენს დეპარტამენტზე 55-ჯერ დიდი დეპარტამენტი ამოეღოთ გეგმიდან და ჩვენი დეპარტამენტი ჩაესვათ, სადაც 34 ადამიანი მუშაობს?“

რაზმაძის საქმეზე მოკვლევა სახალხო დამცველმა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა. რაზმაძის შეფასებით, დასაბუთება, რითიც იოსელიანი საქმის შეწყვეტას ხსნის, სამარცხვინოა.