ყველაფერს გააკეთებს პარტია, რომ მიშას ეს რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული - ბარამიძე საარჩევნო სიაზე
"ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებს პარტია, რომ სწორედ მიშას ეს რეკომენდაცია, როგორც ყოველთვის იყო გათვალისწინებული მისი რეკომენდაციები, იგივე საპარლამენტო სიის ჩამოყალიბებისას, იყოს გათვალისწინებული," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვის შემდეგ გააკეთა.
ბარამიძე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეხმაურება, რომელმაც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ენმ-ის სიის ფორმირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თანაგუნდელებს ახალი ხალხის მოძიებისკენ მოუწოდა. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კი, სააკაშვილისთვის არის ის, რომ სიაში მყოფთა უმრავლესობა დეპუტატები არ უნდა იყვნენ.
ეს არის მიხეილ სააკაშვილის სტილი, სულ ცდილობდა, მოეძებნა ახალი ადამიანები, ოღონდ მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული გამოცდილება და უნდა ვენდოთ - იმიტომ, რომ ეშმაკს არ სძინავს, სრულიად გაურკვეველ ადამიანს ვერ მოიყვან, იმიტომ, რომ შეიძლება იყიდოს 2 წუთში ივანიშვილმა - გამოცდა ყველას სჭირდება, ვინც გამოიცდება, ვინც გამოიბრძმედება და ვინც დაადასტურებს თავის ბრძოლისუნარიანობას, იმიტომ, რომ მერე რომ გავიმარჯვებთ, მერე ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთად საკეთებელი, ახალი საქართველო გვაქვს ასაშენებელი,“ - ამბობს ბარამიძე.
მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს მიმართავს - როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომავალი არჩევნებისთვის მზადება და სიის შედგენა უნდა დაიწყოს, სადაც უმრავლესობა ისეთი ადამიანი იქნება, ვინც პარლამენტში არასდროს ყოფილან.