რენეგატობაზეა დაფუძნებული პარტია - პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე
"რენეგატობაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტია" - ამ ტერმინით მოიხსენიებს პარლამენტის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას. პაპუაშვილი გიორგი გახარიას, ფაქტობრივად, მოღალატედ მოიხსენიებს, როდესაც ამბობს, რომ ამ პარტიისთვის "რენეგატობა არის პოლიტიკური საფუძველი".
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, გახარიამ თავისი პარტია რენეგატობით ანუ ღალატით დააფუძნა და ამ პარტიის "ბედისწერაც" ასეთი იქნება. ასე ეხმაურება სწორედ პაპუაშვილი პარტიაში "საქართველოსთვის" მიმდინარე პროცესებს, როდესაც გახარიას გუნდმა რამდენიმე წევრი პარტიიდან "ოცნებასთან" გარიგების გამო გარიცხა, დღეს კი ერთ-ერთმა გარიცხულმა ნატალია ძიძიგურმა პარტია მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
პოლიტიკური პარტია, რომლის დაფუძნებაც დამყარებული იყო რენეგატობაზე, განწირული არის, რომ შიგნით ეყოლება რენეგატები, ეს არის ბედისწერა ამ პარტიის და ასეც გაგრძელდება. ვნახეთ ეტაპები, როდესაც განუდგნენ პარტიას ადამიანები და ასეც იქნება, რადგან საერთო ჯამში, როცა სიყალბეზე, რენეგატობაზეა დაფუძნებული პოლიტიკური პარტია, გასაგებია, რომ შიგნით ვერ იქნება ჯანსაღი სიტუაცია... პრობლემა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის არის ის, რომ არის პოლიტიკური პარტია, რომლისთვის რენეგატობა არის პოლიტიკური საფუძველი,“ - ამბობს პაპუაშვილი.