ოკუპანტმა უნდა დატოვოს ჩვენი ქვეყანა, იზრდება ოკუპაციის მსხვერპლთა რიცხვი, უნდა შევაჩეროთ - ჯაფარიძე
"იზრდება ოკუპაციის მსხვერპლთა რიცხვი და უნდა შევაჩეროთ," - ეს განცხადება "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც რუსი ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და უკანონო გატაცებას აპროტესტებენ.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ოკუპანტმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს. ამ გეგმის მიღწევაში კი ქართველებს პარტნიორი სახელმწიფოები უნდა დაეხმარონ.
ოკუპანტმა უნდა დატოვოს ჩვენი ქვეყანა, ეს არის ერთადერთი სწორი მოთხოვნა იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს ისეთი მკვლელობა, რაც გუშინ ვნახეთ. იზრდება ოკუპაციის მსხვერპლთა რიცხვი და უნდა შევაჩეროთ ეს, ამას წინ უნდა აღუდგეს ყველა ჩვენგანი და ერთ-ერთი გამოსავალი არის სწორედ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერა, მათთან ერთად შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა და არა მათზე თავდასხმა, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები! - პარლამენტთან ამ წუთებში მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციის მიზანია, შეკრებილებმა გააპროტესტონ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა და უკანონო გატაცება.
თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, მდუმარე აქცია იმართება ბათუმშიც.