დოთიაშვილს უკანონო დაკავების დროს მიაყენეს დაზიანება სახის არეში - ანთაძე

09.11.23 21:33
დოთიაშვილს უკანონო დაკავების დროს მიაყენეს დაზიანება სახის არეში - ანთაძე

"უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში," - ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ოკუპანტების მიერ დატყვევებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

როგორც ანთაძე ამბობს, დოთიაშვილს დაზიანება სახის არეში გატაცების დროს მიაყენეს.

რაც შეეხება, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გინტურის მკვლელობას, ანთაძე ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დოთიაშვილი ამ გამოძიების ფარგლებში, როგორც თვითმხილველი, გამოიკითხება.

ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ და არ გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გვესაუბრა მასთან. გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს.
უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში.

რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი, ის იქნება მოწმის სტატუსით გამოკითხული. მოგეხსენებათ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შსს აწარმოებს გამოძიებას.

როგორც თავად განგვიცხადა, ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია,“ - ამბობს ანთაძე.
 

დოთიაშვილი სამდღიანი ტყვეობის შემდეგ გადმოსცეს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას. მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დოთიაშვილმა აღიარა დანაშაული და თქვა, რომ საოკუპაციო ხაზი შეგნებულად დაარღვიეს და ეს  თამაზ გინტურის მოთხოვნით მოხდა. სეპარატისტული რეჟიმი გინტურს სააკაშვილის მომხრედ აცხადებს და ასე ცდილობს რეჟიმი ახლა 2008 წლის ომის მონაწილის მკვლელობის გამართლებას. თუმცა გავრცელებულ ვიდეოში დოთიაშვილის ამ შინაარსის ჩვენება არ ფიგურირებს.  

მსგავსი სიახლეები