"ოცნებას ჩვენი ეშინია და პოლიტიკურ სანიტრობას ითავსებს"- გახარიას გუნდის პასუხი ხელისუფლებას
გახარიას გუნდი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თავდასხმას პასუხობს - "საქართველოსთვის" წარმომადგენლები პარტიიდან წევრების წასვლის უკან "ოცნებასა" და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხედავს.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრი "ოცნების" მხარდამჭერთა რიგებში გადაბარგდა. ყოფილი პრემიერის გუნდი ამჯერად ლევან ლორთქიფანიძემ დატოვა.
პარტიიდან საყვედურებით წასული ლორთქიფანიძე ამტკიცებს, რომ მენეჯმენტი წევრების მიმართ უყურადღებოა.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერები კი გადაწყვეტილების უკან სწორედ მმართველი გუნდის ინტერესებს ხედავენ.
"დამკვეთი არის "ოცნების" ხელისუფლება, რომელიც ნაცური მეთოდებით ებრძვის იმ პარტიებს, რომლისაც ეშინია" - ამბობს ანა ბუჩუკური.
აიღეს ტექსტები, ვისაც კი პარტია დაუტოვებია Facebook-ით, ტექსტები გადაადარეთ ერთმანეთს, ერთი და იმავე ტექსტებია, რატომ? - დამკვეთი არის ერთი, "ოცნების" ხელისუფლება, რომელიც ნაცური მეთოდებით ებრძვის იმ პარტიებს, რომელშიც ხედავს პრობლემას და რომლისაც ეშინია. თქვენ არ იცით, რამდენი ადამიანი გვიერთდება. განსაკუთრებით ახალგაზრდებში არის დიდი ინტერესი ჩვენს გუნდში გაწევრიანების - აღნიშნა ბუჩუკურმა.
ბექა ლილუაშვილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს "სანიტარებს" უწოდებს:
არ ვიცი, საერთოდ ვინ არის ლევან ლორთქიფანიძე. მე მგონია, რომ ახლა ქოცების ყველა ტროლ-ბოტმა შეიძლება დაწეროს, რომ პარტია "საქართველოსთვის" ტოვებს. სანიტრებია, "ქართული ოცნება" პოლიტიკოსები კი აღარ არიან, სანიტრები არიან. ეგრე დაალაგონ, კარგია, გაწმენდენ. ლევანი არ ვიცი, მაგრამ მანამდე იყვნენ წევრები და ესე გაგვიწმინდეს პარტია - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, დღეს დილიდან ირაკლი კობახიძის თავდასხმის ობიექტია თავად ექს-პრემიერი. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი გახარიას "გადამგდები" უწოდა.
გახარიამ გაამწარა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში - პრაქტიკულად, ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა, ყველგან აქვს ვალი, „გადამგდებია“ ჩვეულებრივი - ამბობს კობახიძე.