ერთობა იგებს! - როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია (დავით ბერძენიშვილის კომენტარი)
რა აჩვენა "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევამ - დავით ბერძენიშვილი პატარა პარტიებს წინასაარჩევნოდ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
"პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლიტიკოსი ამბობს, რომ IRI-ის კვლევაში ოპოზიციური ამომრჩეველი აღემატება სახელისუფლებო ამომრჩეველს, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის შუაშისტური 15 %, რომლის ხმაც საარჩევნოდ მნიშვნელოვანია, ამიტომაც ბერძენიშვილი ამ ხმების გადასაქაჩად ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ახალ გაერთიანებაში, პარტიების გარდა, შესაყვანია ევროპულობის სიმბოლოები, მარტის აქციების სიმბოლოები, ევროპული და ქართული დროშით მებრძოლი ადამიანები.
პოლიტიკოსის განცხადებით, სწორედ ეს ახალი სინერგია იქნება 'ოცნების" ხელისუფლების დამმარცხებელი 2024 წლის არჩევნებზე.
გადამწყვეტი იქნება იმ პატარა პარტიების სინერგიული ერთობა, რომლებიც მაგ კვლევების მიხედვითაც 5 %-ს შესამჩნევად ქვემოთ არიან. ერთიანი, შუაშისტური გაერთიანება ოპოზიციაში იქნებოდა არა მესამე ძალა, არამედ პირველი ძალა, რომელიც ცალკე "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ცალკე მომცრო გახარიას გუნდთან ერთად შექმნიდა პოსტ-საარჩევნო სახელისუფლებო გაერთიანებას. ამ კვლევის მიხედვით, ეს ხელისგულზე დევს. ანუ, ოპოზიციური ამომრჩეველი აღემატება სახელისუფლებო ამომრჩეველს. კვლევის მიხედვით ჩანს, რომ 40 % არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" და 25 % ამბობს, რომ არის "ოცნების" მყარი ამომრჩეველი. ანუ, 15 %, ვინც არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას", არის სწორედ ეს შუაშისტური ამომრჩეველი და ეს მორიგი, დამატებითი არგუმენტია იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები არც ცალკე არ უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ ბარიერს ქვევით არ დარჩნენ და არც "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა მიუერთდნენ, იმიტომ, რომ მათ ვერაფერი ვერ მიაქვთ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიების გარდა, შემოსაყვანია ევროპულობის სიმბოლოები, მარტის აქციების სიმბოლოები, ევროპული და ქართული დროშით მებრძოლი ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები და ეს ერთობლივად, პატარა პარტიებთან ერთად შექმნის დიდ სინერგიას, ხელისუფლების დასამარცხებლად". - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
IRI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი გაზრდილია და ჯამში "ოცნებას" უსწრებს.