ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს სააკაშვილს, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც ენმ და სააკაშვილი წარმოადგენენ - კალაძე
"ზოგადად, არავის დაკავება და არავის ციხეში ყოფნა არ უხარია ნორმალურ ადამიანს, მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანა ცხრა წლის განმავლობაში და იმხელა რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი, ამ ყველაფრის შემოქმედი და შემქმნელი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად", - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
კალაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომიდან სალომე ზურაბიშვილისადმი გაკეთებულ მიმართვას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზის გამტარებელი.
ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს, როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში, გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, გააკეთო და აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თავის ხალხს. ხომ არ ჰგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას, არა, პირიქით, დღესაც იმავეს აგრძელებენ, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ ყველაფერს იყენებენ სიძულვილისთვის, შანტაჟისთვის, ბულინგისთვის, ეს არის მათი ჩვეულებრივი ხელწერა, ფსიქოლოგიური ტერორი და ა.შ. თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს გააკეთებს და გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ“, – განაცხადა კალაძემ.
დღეს სასამართლო სხდომიდან მესამე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ "ქალბატონ სალომეს ერთი ხელის მოწერით შეუძლია დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი".