სააკაშვილის დამსახურებით, ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს - კობახიძე
"სალომე ზურაბიშვილს თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება", - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პრეზიდენტისადმი მიმართვას ეხმაურება და მესამე პრეზიდენტის პასუხად ამბობს, რომ სწორედ მის გამო ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს.
სააკაშვილის დამსახურებით, ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, მინდა, შევახსენო ეს მიხეილ სააკაშვილს. რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს? რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ამაში ღრმად ვერ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს სასამართლო სხდომიდან მესამე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ "ქალბატონ სალომეს ერთი ხელის მოწერით შეუძლია დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი".