ზაზას მამა ამბობს, რომ შვილის დაბადების დღეს ცხინვალის იზოლატორში შეხვდება - გახელაძის ცოლი
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ უკანონო ტყვეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის ოჯახს სხვა გზა არ დაუტოვეს და ისინი ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას აპირებენ.
23 ივნისს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა, აქციებსაც გავმართავთ. ზაზას მამა კი უკვე გზებს ეძებს, როგორ გადავიდეს ცხინვალში. ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს. იმ გზას დავადგები, რა გზაც გაიარა ზაზამ-ო. მის დაბადების დღეს ერთად ციხეში შევხვდებითო"- აცხადებს ბუთხუზი.
მისი თქმით, პრემიერმა ღარიბაშვილმა ისინი მოატყუა.
პრემიერმა მოგვატყუა, ანთაძე უკვე ვეღარ დაასახელებს დროს, რომ რაღაც მოლოდინი გაგვიჩინოს. ზაზა რომ გავლენიანი კაცის შვილი ყოფილიყო, მალევე გამონახავდნენ იმ გზას და არ მოუნდებოდათ 344-ე დღე, რასაც ჩვენ ვითვლით, ისინი წუთებს აითვლიდნენ"- ამბობს გახელაძის ცოლი.
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის ოჯახის პროტესტს სოფლის მოსახლეობაც უერთდება. მათი თქმით, ისინი ქუჩაში გამოვლენ.
ზაზა გახელაძის და ცხინვალის ციხეში მყოფი სხვა მოქალაქეების ბედი ისევ გაურკვეველია. გუშინ ერგნეთის რიგით მეასე შეხვედრაც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი უკვე 11 თვეა, რაც უკანონო პატიმრობაში რჩება, მას 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.