მზად ვართ, კითხვებზე პასუხი გავცეთ საგამოძიებო ორგანოში - გახარიას გუნდი
„ქართული ოცნების“ ბრალდებებს ექსპრემიერის მიმართ გიორგი გახარიას გუნდში უსაფუძვლოს უწოდებენ. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარია საჭირო შემთხვევებში პასუხისმგებლობას არასდროს გაქცევია და გამოძიებისთვის კითხვებზე პასუხების გასაცემად ახლაც მზად არის. პოლიტიკოსი თვლის, რომ მმართველი გუნდი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის საქმეს პოლიტიკურ განზომილებაში განიხილავს.
იქ, სადაც პასუხისმგებლობა ასაღები იყო, გიორგი გახარია არასდროს გაქცევია. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არც საგამოძიებო ორგანოებში მისვლის, ერთხელ და ორჯერ მივსულვართ და ბევრჯერ გაგვიცია იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა. რაც უნდათ და როგორიც უნდათ, ისეთი საგამოძიებო კომისია შექმნან, როგორი გამოძიებაც უნდათ და სადაც უნდათ, იქ დაიწყონ, ყველგან, სადაც კითხვები დაისმევა ოფიციალურ ორგანოებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ამ კითხვებზე პასუხი გავცეთ, მაგრამ როგორც ჩანს, როგორც მმართველი გუნდი ამას უწოდებს, პოლიტიკურ განზომილებაში განიხილავს ამ ყველაფერს, ამ ცილისწამებებს და ბრალდებებს, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
„ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ ექსპრემიერი 20 ივნისიის აქციის დაშლის გაუგებრად დაგეგმვაში დაადანაშაულა და ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი. გახარიას გუნდში არ გამორიცხავენ, რომ მათი ლიდერის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.