მიმდინარეობს ქვეყნის სრული რუსიფიკაცია - მამუკა ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში 25 ათასი რუსული კომპანიის არსებობაში საფრთხეებს ხედავს. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ მიმდინარეობს საქართველოს სრული რუსიფიკაცია. მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყნის პრორუსული ხელისუფლებაა და მნიშვნელოვანია ამ კუთხით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
პრაქტიკულად, რუსეთის მიერ არა მარტო ქვეყნის 20%-ია ოკუპირეული, არამედ ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური ხაზი და ეკონომიკა. ეს ეხება სტრატეგიულ პროდუქტებს, ეს ეხება ექსპანსიას, ეს ეხება რუსული კომპანიების დაფუძნებას და რაც ყველაზე მთავარია, რუსების მიერ ჩვენი მიწების და უძრავი ქონების ულიმიტო ყიდვას. პრაქტიკულად, მიდის სრული რუსიფიკაცია ქვეყანაში. სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ეს საფრთხეები, რომელიც უკვე არსებობს და არ იქნება ხვალ და ზეგ, ავიცილოთ თავიდან. დღეს ამის მთავარი მიზეზი არის რუსი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მონაცემები გამოითხოვა, საიდანაც დადგინდა, რომ ხელისუფლებას რუსი ბიზნესსუბიექტების და რუსული კომპანიების დიდი ნაწილის საქმიანობის შესახებ ინფრომაცია არ აქვს.
მოცემულ ვითარებაში "ლელო" საფრთხეებს ხედავს და ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნული საკითხი სასწრაფო რეჟიმში შეისწავლოს.