საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო აუდიტორს შემოწმებაზე არ უშვებს

16.06.21 14:37
საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო აუდიტორს შემოწმებაზე არ უშვებს

საქართველოს გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი, ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო აუდიტორს შემოწმებაზე არ უშვებს. მეტიც, მისი თქმით, რკინიგზამ სასამართლოშიც კი იჩივლა. 

მექვაბიშვილის განცხადებით, რკინიგზა თვლიდა, რომ არ ჰქონდა სახელმწიფო აუდიტს რკინიგზის შემოწმების უფლება.

რკინიგზა თვლიდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს უფლება, შეამოწმოს ეს ორგანიზაცია და გვქონდა სასამართლო პროცესი“ - თქვა მან. 

გენერალურმა აუდიტორმა ამის შესახებ საბიუჯეტო-საფინანსო სხდომაზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის, კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რა მოხდა რკინიგზაში ისეთი კატასტროფული, რომ მილიარდზე მეტი ზარალი მივიღეთ. 

"საქართველოს რკინიგზაში ხომ არ ყოფილხართ აუდიტზე შესული ან რამე ხომ არ გაგიკეთებიათ? არ გიშვებდნენ?“ - მიმართა დეპუტატმა ირაკლი მექვაბიშვილს, რომელმაც კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  "საქართველოს რკინიგზას" და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამართლებრივი დავა სასამართლოს გზით გადაწყდა. 

საქართველოს რკინიგზას რაც შეეხება, იურიდიული პრობლემა გვქონდა, რკინიგზის მენეჯმენტის არგუმენტი ის იყო, რომ მათ ფინანსურ აუდიტს "დიდი ოთხეული" ატარებს და ამით ახსნეს, რატომ არ შეგვეძლო მათი შემოწმება. ჩვენ თვლით, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანიზაციის შემოწმების უფლება გვაქვს, სადაც სახელმწიფო 50+1 აქციას ფლობს. ეს იურიდიული პროცესი იყო, რომელმაც შემოწმების პროცედურა შეაფერხა, ახლა გავდივართ და ფორმალიზებას ვაკეთებთ ამ თემას დავუბრუნდებით“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები